ექთანი თამთა კიბორძალიძე განიხილავს ექთნების საერთაშორისო დღეს

2022-05-12

12 მაისი, ექთნის საერთაშორისო დღეა

პროფესია - ექთანი, მე 19-ე საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ინგლისელმა ფლორენს ნაითინგეილმა საფუძველი ჩაუყარა მას როგორც პროფესიას. ნაითინგეილი, 38 დამხმარესთან ერთად, ომის დროს დაჭრილ და დაზარალებულ ბრიტანელ ჯარისკაცებს უწევდნენ დახმარებას და საკუთარი სიცოცლის რისკის ხარჯზე, თავდაუზოგავად შრომობდნენ. ადამიანზე ზრუნვის პრაქტიკა სხვადასხვა ფორმით მრავალი წელია არსებობს, თუმცა მას არ ქონდა სახელი.

ექთანი დღეს სამედიცინო სფეროში უმნიშვნელოვანესი რგოლია, ხშირად ექთანს სამედიცინო დაწესებულის ხერხემალს უწოდებენ. ასევე პაციენტის დამოკიდებულება კლინიკისადმი, მისი დატოვების შემდეგ მეტწილად ექთანზეა დამოკიდებული, ვინაიდან სწორედ ექთანს უწევს ყოველდღიული და აქტიური კომუნიკაცია მასთან.

12 მაისი, ექთნის საერთაშორისო დღეა, თარიღი ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღეს ემთხვევა და მას მთელი მსოფლიო ზეიმობს.

ექთნის პროფესიაზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე დღეს კლინიკა ჰელსიკორის მთავარი ექთანი - თამთა კიბორძალიძე გვიამბობს.

თამთა, როდის დაიწყო შენი და ჰელსიკორის თანამშრომლობა, როდის შეუერთდი კლინიკის გუნდს?

ჰელსიკორში, უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობა დავიწყე 2020 წელს და უკვე 2 წელია ამ გუნდის წევრი ვარ.

თამთა, 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამდენად განსხვავებული იყო მუშაობა ექთნებისთვის კოვიდ-19 მდე და როგორ აისახა ვირუსი გარემოზე და თქვენს მუშაობაზე?

ძალიან რთული იყო, იმდენად რთულ და მოულოდნელ სიტუაციაში ავღმოვჩნდი, პირადად მე და ალბათ ყველა სამედიცინო სფეროს თანამშრომელი. ვისწავლე ბევრი ახალი რამ, ყურადღების გამახვილება ვისწავლეთ ისეთ რაღაცეებზე, რაც მანამდე უმნიშვნელო იყო. რთული იყო კადრის მოძიება, რთული იყო კადრის შენარჩუნებავისწავლეთ სხვანაირად მოფრთხილება, შეიცვალა პაციენტთან უერთიერთობა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვქონდა გაასმაგდა და ყოველი დეტალი, რომელიც მანამდე შეიძლებოდა უმნიშვნელო ყოფილიყო გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი. არ ვიცოდით ვირუსის ბუნება, საშიში იყო როგორც პაციენტთან, ასევე ერთმანეთთან მიკარებაც კი, შეიცვალა ეკიპირება, რაც საკმაოდ რთული იყო თავდაპირველად. ამავდროულად ვცდილობდით, რომ ჩვენი დაძაბულობა არ მიგვეტანა პაციენტებამდე. როდესაც კოვიდ დადებითი პაციენტები გვყავდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მას არ ეგრძნო დისტანცია, ვინაიდან ეს კიდევ უფრო შეაშინებდა და დასტრესავდა მას, თუმცა მალევე ჩვენც ყველაფერი ვისწავლეთ, ავითვისეთ და 2 თვეში ყველანაირი შიში და დაძაბულობა გაქრა.

თამთა, როგორც მთავარი ექთანი, შენ გუნდზე რომ მოგვიყვე, როგორ ხდება ახალი კადრის შერჩევა, იმ ადამიანების რომლებიც ჰელსიკორის გუნდის წევრები იქნებიან?

საკმაოდ რთული და შრომატევადი საკითხია, როგორც ადმინისტრაციული კუთხით უნდა შეხედო ექთნის არჩევანს, ასევე უნდა იფიქრო მის პიროვნულ თვისებებზე, რამდენად არის მასში პასუხისმგებლობის გრძნობა, რამდენად შრომისუნარიანია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩამოყალიბებულ, შემდგარ გუნდში შემოგყავს ახალი ადმაიანი, რომელსაც არ იცნობ. გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს, როგორ შეეწყობა კლინიკას, გარემო პირობებს, მოთხოვნები როგორი აქვს, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდებია ადმინისტრაციულ რჩევებს, კლინიკურ რჩვებს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევ ახალ ექთნებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კეთილსინდისიერი, აუცილებელია სახელისა და გვარის გარდა მქონდეს მასზე სხვა ინფორმაციაც, ვიცნობდე მას კარგად, რათა მაქსიმალურად შევძლო მისი დახმარება და გვერდში დადგომა. მუდმივად ვცდილობ, რომ სწაფად მოხდეს ჩვენი დაახლოვება, რომ არ იყოს ბარიერები.

თქვენს გუნდზე რომ მოგვიყვე

ჩვენს გუნდში იმდენად ბევრი კარგი ექთანია, გამოცდილებით, კეთილსინდისიერებით, ექთნები რომლებიც წლებია ჰელსიკორის თანამშრომლები არიან. შეუძლებელია სხვანაირი ექთანი გყავდეს, შეუძლებელია ცუდი უნარების ადამიანი გყავდეს გუნდში, ვერ შეეწყობიან ერთმანეთს. ძალიან ბევრი ექთანია ჩვენთან, რომელიც გახსნის დღიდან მოყვება კლინიკას, ნამვილად გამორჩეული გუნდი გვყავს და ვამაყობ თითოეული მათგანით.

ექთნები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და ახალი ექთნები, აქვთ თუ არა ერთმანეთში რაიმე ბარიერი და თუ ეხმარებიან უფროსები საკუთარი გამოცდილებით ახალბედებს?

ძველი თაობა და ახალი თაობა ძალიან კარგად ეგუებიენ ერთმანეთს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გვყავს ასაკოვანი ექთნებიც, რომელთა გამოცდილებიდან და ცოდნიდან დღემდე ვსწავლობთ ჩვენც, უმეტესი მათგანი აქ კლინიკის დაარსების დღიდან მუშაობს და იმდენ საინტერესო ისტორიას ინახავს, დიდი სიამოვნებაა მათთან კომუნიკაცია. ასევე უნდა აღინიშნოს მათი დამოკიდებულება ახალბედა ექთნების მიმართ, ძალიან მზრუნველები არიან და ცდილობენ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნან ერთმანეთს.

დღეს ექთნის საერთაშორისო დღეა, რას უსურვებ შენს გუნდს და თითოეულ ექთანს?

პირველ რიგში საექთნო სფეროს ვუსურვებ, რომ პანდემიის პერიოდი რაც გადავიტანეთ აღარ განმეორდეს. ვუსურვებ მხნეობას, შრომის დაფასებას, რაც უმნიშვნელოვანესია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კადრი ხართ, ძალიან საჭირო ადამიანები ხართ. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ექთნები იყვნენ დაფასებულები ისე, რომ გვყავდეს ბევრი მსურველი გაყვეს ამ პროფესიას.