2021-10-05

რა არის ართროზის მთავარი გამომწვევი მიზეზი, როგორია მისი კლინიკური გამოვლინება და როდის მიმართავენ სახსრების ენდოპროთეზირებას

ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში ართროზით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ახალგაზრდა პაციენტებს შორის ჭარბობენ მამაკაცები, ხოლო ხანში შესულთა შორის ქალები. ასაკობრივად რომ დავყოთ, 45 წლის ადამიანთა 2%-ს აღენიშნება ართროზი, 45-დან 64 წლამდე 30%-ს, ხოლო 65 წელიდან 63-85%-ში ვხვდებით მას.

ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორის“ ტრავმატოლოგის დავით სუბელიანის თქმით, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების სიმძიმის მიხედვით პირველ ადგილს მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფისა და მხრის სახსრის ართროზები იკავებს.

რა არის ართროზის მთავარი გამომწვევი მიზეზი?

ართროზი მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია, რომლებიც არღვევენ სახსრის კომპონენტების ნორმალურ შემადგენლობას და ფუნქციებს. ართროზის დროს ზიანდება სახსრის ყველა ქსოვილი, სასახსრე ხრტილი იწყებს დარბილებას, გათხელებას, რის შედეგადაც ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები და სუბქონდრული კისტები. ყოველივე ვლინდება ართრალგიით - ტკივილით, მოძრაობათა შეზღუდვით, მორეციდივე სინოვიტით, სახსარში მიმდინარე ლოკალური ანთებითი პროცესით. არსებობს პირველადი და მეორეული ართროზი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა, ართროზი პირველადად ანუ იდიოპათიურად მიიჩნევა, მეორეულ ართროზს კი აქვს გამომწვევი მიზეზი - იგი ვითარდება ტრავმის, ენდოკრინული ან ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფორმის მოშლის შედეგად.

დაავადება მულტიფაქტორული და პოლიეტიოლოგიურია. არსებობს მისი გამომწვევი სამი ძირითადი დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესი: ტრავმა, დისპლაზია და ანთება. სახსრის ტრავმა ართროზის ყველაზე ხშირი მიზეზია. მეორე ადგილზეა სახსრის დისპლაზია - თანდაყოლილი თავისებურებანი სახსრის ცუდი ბიომექანიკური თვისებების სახით. მესამე ადგილს ანთება იკავებს, რომელიც იწვევს სახსრის ქსოვილთა დაზიანებას და მეორეული ართროზის ჩამოყალიბებას.

როგორ ვითარდება დაავადება?

 დაავადება ყოველთვის სამ სტადიად მიმდინარეობს. საწყის სტადიაზე სახსრის ქსოვილთა მორფოლოგიური ცვლილებები გამოხატული არ არის. ამ დროს შეცვლილია მხოლოდ სინოვიური გარსის ფუნქცია და სითხის ბიოქიმიური შედგენილობა. სახსარი კარგავს განსაზღვრული დატვირთვისას ჩვეული წინააღმდეგობის უნარს, რასაც თან სდევს ანთება და ტკივილის სინდრომი. მეორე სტადიაზე ზიანდება სახსრის ხრტილი. ძვლის სასახსრე ფართობზე ჩნდება ოსტეოფიტები, მეორე სტადია აუცილებლად გადადის მესამეში, რომელსაც ყველაზე მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს; სახეზეა კარგად გამოხატული სახსრის დეფორმაცია, დამოკლებულია მყესები, რაც სახსრის პათოლოგიურ მოძრაობას ან მოძრაობათა მკვეთრ შეზღუდვას - კონტრაქტურას იწვევს. ქრონიკულ ანთებას თან სდევს ქრონიკული ტკივილის სინდრომი. საწყის სტადიაზე კუნთები, რომლებიც სახსრის მოძრაობას განაპირობებს - სუსტდება, მაგრამ უცვლელი რჩება, მეორე სტადიაზე უკვე მათი ფუნქციათა რღვევაც იწყება, მესამეზე კი ისე ზიანდება, რომ კუნთების შეკუმშვათა ამპლიტუდა და მყესკუნთოვანი კომპლექსის ძვლებზე მიმაგრების წერტილებიც კი იცვლება, რაც კუნთების დამოკლებას, მათ დაჭიმვას და სრულად შეკუმშვის უნარის დაქვეითებას იწვევს.

როგორია ართროზის კლინიკური გამოვლინება?

კლინიკური გამოვლინებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მექანიკური ხასიათის ტკივილი, დილის შებოჭილობა 30 წუთის განმავლობაში, მოძრაობათა მოცულობის შემცირება და სახსრის ფუნქციურ შესაძლებლობათა დაქვეითება. პაციენტები აღნიშნავენ სახსარზე მტკივნეული წერტილების და შემკვრივებების არსებობას, უჩივიან სახსრების კრეპიტაციას - ხმაურს, ტკივილს მოძრაობისას. ზომიერი ანთება სახსარში დაჭიმულობის და არასტაბილურობის შეგრძნებას ბადებს. თუ პაციენტი აღნიშნავს ოსტეოფიტების არსებობას, სახსრების ტკივილს, რომელიც იწყება დღის ბოლოს და ღამის პირველ ნახევარში, აგრეთვე მექანიკური დატვირთვის შემდგომ და მცირდება სახსრის მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლისას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ართროზზე ეჭვის მიტანა. დიაგნოზის დაზუსტებისას მნიშვნელოვანია ისიც თუ როგორია ტკივილი ღამის განმავლობაში, სიარულისას, ჯდომისას, არის თუ არა დილის შებოჭილობა, ძლიერდება თუ არა ტკივილი 30 წუთის განმავლობაში ფეხზე დგომისას ან რამდენად არის შეზღუდული სიარული ჩვეული დისტანციის გავლის შემთხვევაში.

როგორია დაავადების შედეგი?

ართროზის შედეგია სახსრის სრული რღვევა, ანკილოზი - სახსრის სრული უმოძრაობა - ან  ნეოართროზი - არაბუნებრივი მოძრაობის მქონე სახსრის ფორმირება, რასაც თან სდევს კიდურთა ფუნქციების მოშლა.

რას მოიცავს ართროზის კომპლექსური მკურნალობა?

წოლითი რეჟიმი და სამკურნალო ფიზკულტურა ართროზის კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი რგოლია.  მას შემდეგ, რაც სახსრის ხრტილი კარგავს ელასტიურობას და პაციენტს მოძრაობისას აღებიშნება ტკივილი, იგი იძულებით იწყებს სახსრის დაზოგვას, ვითარდება ამ სახსრის ჰიპოდინამია,  რომელიც,  თავის მხრივ იწვევს კუნთების ლოკალურ ატროფიას და მყესების განლევას.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გამოკვლევისა და პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის დადგენის შემდეგ.

მნიშვნელოვანია სანატორიულ-კურორტული მკურნალობაც, რომელიც ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ დაავადების მიძინების სტადიაზე და სხეულის მასის ინდექსის კონტროლი. ჭარბი წონა ართროზის პროგრესირებას იწვევს. მიჩნეულია, რომ სხეულის მასის 1 კილოგრამით შემცირებისას სახსარზე დატვირთვა 4 კილოგრამით მცირდება.

სამკურნალო ფიზკულტურაზე არანაკლებია ართროზის მკურნალობისას ფარმაკოთერაპიის როლიამაზე რას გვეტყვით?

 რამდენადაც ექიმთან ვიზიტის პირველი მიზეზი ტკივილია, პირველ ადგილზე დგას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ინიშნება ტკივილის მოსახსნელად და ანთების ჩასაქრობად. მწვავე ტკივილის ფაზაში, როდესაც ართროზი შესაძლოა გართულდეს სინოვიტით, გამოიყენება კორტიკოსტეროიდების სახსარშიგა ინექციები. სახსრის ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებლად ვატარებთ ქონდრომამოდულირებელ თერაპიას, პაციენტებს ენიშნებათ ქონდროპროტექტორები, რომლებიც ძირითადად დაავადების I და II სტადიებზე გამოიყენება.

როდის მიმართავენ სახსრების ენდოპროთეზირებას?

სახსრების ენდოპროთეზირება ართროზის მკურნალობის ქირურგიული მეთოდია, რომელიც ტარდება მაშინ, როდესაც სახსრის დაზიანების ხარისხი იმდენად მძიმეა, რომ თერაპიული, კონსერვატიული მეთოდებით მდგომარეობის გამოსწორებას არ ექვემდებარება.