2022-12-16

რამ განაპირობა ოტო დაპუნტის კარიერის გაგრძელება საქართველოში, როგორ მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო ჰელსიკორის გუნდის წევრი და რა რჩევებს უზიარებს კარდიოქირურგი პაციენტებს

ინსბრუკის მედიცინის სკოლის შემდეგ, განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში განაგრძო,

როგორიცა - „ლეოპოლდ ფრანცენსის უნივერსიტეტი“ და "მაუნთ სინაის სამედიცინო ცენტრი”. მუშაობდა გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად, ხელმძღვანელობდა ოლდენბურგის კლინიკის კარდიოქირურგიულ განყოფილებას, არის კიოლნის გულისა და გულმკერდის ქირურგიის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ვიცე-თავმჯდომარე.პროფესორ დაპუნტის გამოქვეყნებული აქვს 100 - ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, იგი ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ქირურგია ღია გულზე მინიინვაზიური და კომბინირებული ოპერაციების მიმართულებით. ექიმის სახელს უკავშირდება ათასობით წარმატებული ოპერაცია.

პირველ რიგში, რომ მოგვიყვეთ როდის გადაწყვიტეთ და რამ განაპირობა თქვენი კარიერის საქართველოში გაგრძელება?

საქართველოში პირველად 2009 წელს ჩამოვედი, ვთანამშრომლობდი სამედიცინო უნივერსიტეტთან და კლინიკებთან, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ასობით სტუდენტი მივიწვიეთ გერმანიაში სხვადასხვა პროგრამებსა თუ რეზიდენტურაზე. საქართველოში ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ვხვდებოდი თუ რამდენად ვიყავი შეყვარებული ამ ქვეყანაზე. ბევრი ჩემი კოლეგა ვისთან ერთადაც წლების მანძილზე მიწევდა კომუნიკაცია, ახლა ჩემი ახლო მეგობარია. გადაწყვეტილება საქართველოში გადმოსვლის შესახებ სამი წლის წინ მივიღე და ერთ-ერთი კლინიკის კარდიოქირურგიის განყოფილებას ჩავუდექი სათავეში.

ნოემბრიდან შეუერთდით ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკას „ჰელსიკორი“, თქვენს განყოფილებაზე რომ გვიამბოთ და ასევე გადაწყვეტილებაზე, რამაც განაპირობა სწორედ ამ კლინიკასთან თანამშრომლობა.

ამ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიმყოფები, ბევრი მსმენია კლინიკა ჰელსიკორის შესახებ, ის წარმოადგენს მოწინავე ინსტიტუტს დღეს საქართველოში როგორც კლინიკური მიმართულებით, ასევე აკადემიური მუშაობით და ინოვაციების დანერგვით სამედიცინო სფეროში. ჰელსიკორის კარდიოქირურგიის განყოფილება არის უმაღლესი სტანდარტების მატარებელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უტოლდება აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ანალოგიურ დაწესებულებებს. სწორედ ამ წინაპირობებიდან გამომდინარე და მათი გათვალისწინებით ვიფიქრე, რომ ეს იყო კარგი შანსი ჩემი წვლილი შემეტანა კარდიოქირურგიის განყოფილების კიდევ უფრო განვითარებაში.წლების მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკების კარდიოქირურგიულ განყოფილებებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მეტწილად გერმანიაში, ავსტრიასა და აშშ-ში, ვფიქრობ, რომ ჰელსიკორთან თანამშრომლობა და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება როგორც კლინიკისთვის, ასევე ჩემთვის.ჰელსიკორის კარდიოქირურგიის განყოფილება ჩემს აქ მოსვლამდე უკვე დაკომპლექტებული იყო გამორჩეული და კვალიფიკაციური გუნდით, ახლა კი ჩვენ ერთობლივად ვაპირებთ ჩვენი სპექტრის გაფართოვებას. ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა და ამით ინოვაციური პროცესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, თუ რატომ გავხდი ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი.

თქვენ გადარჩენილი გაქვთ ათასობით პაციენტის სიცოცხლე, იმ მრავალრიცხოვანი ოპერაციებიდან, რომელსაც ატარებთ, რომელია ყველაზე გავრცელებული გულის დაავადებები და რომელია ყველაზე ხშირი საქართველოში?

კარდიოქირურგიის მიმართულებით კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვა კვლავ ყველაზე გავრცელებულ ქირურგიულ ჩარევად რჩება როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ეს გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრების წესით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მას ვხვდებით შედარებით ახალგაზრდა პაციენტებშიც. ასევე გავრცელებული და ხშირია სარქვლის ქირურგია და კომბინირებული პროცდურები. გარდა ამისა, ჩემი განსაკუთრებული ინტერესი კლინიკური და სამეცნიერო სამუშაოების მიმართ იყო და რჩება - მინიმალური ინვაზიური კარდიოქირურგია, აორტის ქირურგია და გულის უკმარისობის ბოლო სტადიის ქირურგია (დამხმარე ხელოვნური ტუმბოები და გულის და ფილტვის ტრანსპლანტაცია).

რას ურჩევთ პაციენტებს, რა სიხშირით უნდა შეიმოწმონ გული და მიმართონ ექიმს, როგორია თქვენი რჩევები ჯანმრთელი გულის შენართუნებისთვის?

ჯანსაღი გულისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ე.წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა. სხეულის რეგულარული მოძრაობა, კვირაში ხუთჯერ მაინც, 45 წუთის მანძილზე გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანია ვიდრე მედიკამენტები. ვარჯიში, ნებისმიერ ასაკში საუკეთესოა თქვენი ჯანმრთელობისთვის (ფეხით სიარული, სირბილი, ცურვა, ნიჩბოსნობა და ა.შ), მნიშვნელოვანია ასევე დიეტა, რომელიც უნდა იყოს დაბალანსებული.ქართული ღვინო ხელს უწყობს გულის სიჯანსაღეს, ის შეიცავს უამრავ ტანინსა და ფენოლს, რომელთაც გააჩნია ვაზოდილაციური ეფექტი. თუმცა, ღვინო უნდა მიირთვათ მხოლოდ მცირე რაოდენობით (250 მლ. დღეში მამაკაცებმა, 125 მლ. ქალბატონებმა). მაღალი დოზირება შესაძლოა იყოს შედეგი ტოქსიკური ზემოქმედებისა გულზე და სხვა ორგანოებზე.იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მაღალი წნევის მატარებელია და ამის დარეგულირება ვერ ხერხდება ვარჯიშით და ჯანსაღი ცხოვრების წესით, უნდა მივაშველოთ მედიკამენტები, რომლებიც კონკრეტულად პაციენტისთვის იქნება დანიშნული და არა თვითმკურნალობით. ასევე უმნიშვნელოვანესია თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა.